32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

 წარმატებით დასრულდა კიდევ  ერთი სასამართლო პროცესი საგარეჯოს მაგისტრატ სასამართლოში. მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა დააკმაყოფილა უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგის - ნათია ჭინჭარაულის სასარჩელო მოთხოვნები - თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

სასამართლოში, გათავისუფლებული მასწავლებლის ინტერესებს იცავდა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი უჩა ბაკურაძე. უჩა ბაკურაძე პედაგოგის სასარგებლოდ წარმართული ორი სხდომის შედეგად მიმდინარე წლის 13 მაისს გამოცხადდა გადაწყვეტილება, პედაგოგის თანამდებობაზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

ქალბატონი ნათია მასწავლებლის პოზიციიდან გათავისუფლდა 2018 წლის 10 სექტემბერს და საფუძვლად მითითებული იქნა - „მხარეთა შეთანხმება.“

უფლებაშელახულმა პედაგოგმა დახმარებისთვის სპმთპ-ი იურიდიულ დეპარტამენტს მომართა. ნათია ჭინჭარაულის სარჩელი უშუალოდ მოამზადა იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა მეგი საკანდელიძემ. პროცესში დამსაქმებელმა შეცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ გათავისუფლების საფუძველი იყო არა მხარეთა შეთანხმება, არამედ ხელშეკრულების ვადის გასვლა. საქმე იმაშია, რომ მხარეთა შეთანხმებას რეალურად ადგილი არ ჰქონია და ბუნებრივია, სკოლა ვერ შეძლებდა ამ გარემოების დადასტურებას.

სპმთპ მადლობას უხდის მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილს სამართლიანი გადაწყვეტილებისათვის!

ნათია ჭინჭარაული 3 წლის განმავლობაში მუშაობდა სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში და ამ ხნის განმავლობაში იგი ყოველთვის პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მის მიმართ არასოდეს დაფიქსირებულა რაიმე სახის შენიშვნა ან საყვედური.

თავდაპირველად მხარეებს შორის გაფორმებული იყო 1 წლიანი, ხოლო შემდეგ 2 წლიანი შრომითი ხელშეკრულება, რაც ჩაითვალა განუსაზღვრელი ვადით დადებულად, ვინაიდან, ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.

სპმთპ აგრძელებს სხვა პედაგოგების ინტერესების დაცვა-წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში და გვჯერა მათი წარმატებით დასრულების.

 

13 მაისი, 2019 წელი.