32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

ქ. თბილისის N:32 საჯარო სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები, სკოლის ხეივანში მოფრიალე ქართული და დანიური დროშებით, სკოლის აღსაზრდელების მიერ, ქართულ ხალხურ საკრავებზე შესრულებული სიმღერებით შეეგებნენ დანიის სტენჰუსის გიმნაზიის წარმომადგენლებს. N:32 საჯარო სკოლაში დაგეგმილ ღონისძიებაში, დანიელ სტუმრებთან ერთად მონაწილეობდა აშშ-ის შრომის საერთაშორისო ,,სოლიდარობის ცენტრის” დირექტორი სტანისლავ ჩეინუხი. მიმდინარე წლის 6 მარტს დანიელ სტუმრებთან ერთად, თბილისის N:32 სკოლას ეწვია სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე. ,,როგორც მასწავლებელმა ამ სკოლაში ავიდგი ფეხი, ამ სკოლაში ჩამოვყალიბდი მასწავლებლად. სწავლა-სწავლების მაღალ სტანდარტებზე ორინეტირებულ და მოტივირებულ პედკოლექტივთან ერთად 12 წელი ვმუშაობდი. ჩემი კოლეგების მაღალმა პროფესიონალიზმმა და მოტივაციამ, აღსაზრდელებისა და საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულმა, შემაყვარა მასწავლებლის პროფესია და ამიმაღლა პასუხისმგებლობა მასწავლებლების მიმართ. ჩემი წარმატებები თითოეული ჩემი კოლეგის დამსახურებაა. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენთვის ჩვეული გულთბილი მასპინძლობისათვის და იმისთვის, რომ თქვენი თავდაუზოგავი შრომით, სამაგალითო ხართ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისათვის“- აღნიშნა მაია კობახიძემ. მან პროფკავშირის მიზნებსა და ამოცანებზეც ისაუბრა მოსწავლეებთან. ,,მასწავლებელი სტრესის გარეშე და დაცული უფლებებით უფრო ეფექტურად წარმართავს საგაკვეთილო პროცესს”-აუხსნა აღსაზრდელებს პროფკავშირის მნიშვნელობა მათი აღზრდა-განათლების საქმეში. ქ. თბილისის N:32 საჯარო სკოლის დირექტორის ნინო კაშიას ორგანიზებით, ღონისძიების მომზადებასა და განხორციელებაში ერთიანი ძალისხმევით იყო ჩართული სკოლის ყველა წარმომადგენელი. დამსწრე საზოგადოებას სკოლის დირექტორი ნინო კაშია მიესალმა და მადლობა გადაუხადა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს საინტერესო პროექტების განხორციელებისათვის. მან სკოლის წარმატებულ საქმიანობაზე ისაუბრა, რასაც მოსწავლეთა ყოველწლიური შედეგები ადასტურებს. ნინო კაშიამ სიამაყით აცნობა სტუმრებს სკოლის მოსწავლეთა კიდევ ერთი წარმატება, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, შემეცნებით-გასართობ კონკურს ,,წიგნების თაროში” გამარჯვება და კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს, სკოლის სახელით, სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დანიური დელეგაციის პროგრამის ამოცანების გათვალისწინებით, ორი ქვეყნის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის საინტერესო და გულთბილი დიალოგი გაიმართა, ქართული ტრადიციების, ისტორიისა და წეს-ჩვეულებების გაცნობით. ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ შეხედულებებს, მოსწავლის საჭიროებებზე მორგებულ სასკოლო გარემოსა და სწავლების სპეციფიკასთან დაკავშირებით. N:32 საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა სკოლის არაერთი საინტერესო პროექტი წარუდგინეს სტუმრებს, ისაუბრეს საგანმანათლებლო სფეროს მნიშვნელობასა და აქტუალურ საკითხებზე, დაიგეგმა დანიის გიმნაზიასთან მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივები. დანიელი სტუმრები, სკოლის სწავლა-სწავლების გარემო-პირობების გაცნობის მიზნით, ინგლისური ენის პედაგოგის ნათია გათიკაშვილის გაკვეთილს დაესწრნენ. სტუმრებმა ხაზგასმით აღნიშნეს გაკვეთილზე მოსწავლეთა აქტივობა. მათ მაღალი შეფასება მისცეს უცხო ენის ცოდნას მოსწავლეებში, მასწავლებლის კვალიფიკაციასა და მეთოდიკას. ქართული სტუმარ-მასპინძლობით და სიყვარულით იყო გაჯერებული სტუმრებისთვის მომზადებული პროგრამა. N:32 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს თავიანთი შემოქმედება გააცნეს და ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს. პოპულარული ინგლისური სიმღერით და ვიოლინოზე შესრულებული კლასიკური მელოდიებით დაასრულეს პროგრამა. 2017 წლიდან, დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა პროფკავშირი საქართველოში ახორციელებს თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტს, რომლის ერთ-ერთი ამოცანაა საქართველოსა და დანიის სკოლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, მოსწავლე-ახალგაზრდობის დაახლოვება და საქართველოს საჯარო სკოლებში დემოკრატიული მართვის კულტურის განვითარება. ზემოაღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მიიღეს 32-ე საჯარო სკოლის ორმა მასწავლებელმა, ნანა ღონღაძემ და ლია ჩხაიძემ.