მიმდინარე წლის 6 მარტს, დანიის სტენჰუსის გიმნაზიის მასწავლებლები და მოსწავლეები, გოგიტა კიკნაძის სახელობის N182-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ. სტუმრებს კოორდინაცია სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა გულიკო ამილიძემ გაუწია. შეხვედრას, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი, განათლებისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურ კიკნაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი ნანუკა გიორგაძე ესწრებოდნენ. დანიელი სტუმრები და ქართველი მასპინძლები აქტიურად ჩაერთნენ სკოლის დირექტორის ეკა თაბუაშვილის მიერ დაგეგმილ აქტივობებში. სტუმრებისთვის სწავლა-სწავლების გარემო პირობების გაცნობის მიზნით აქტივობები სამ ნაწილად იყო დაყოფილი: სკოლის მათემატიკის პედაგოგმა ნანა ნათიძემ, დანიელი მოსწავლეების ჩართულობით, ინტეგრირებული მათემატიკის გაკვეთილი, თანამედროვე, ინოვაციური მეთოდებით ჩაატარა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში. დანიელმა და ქართველმა მოსწავლეებმა ერთობლივად, წარმატებით გაართვეს თავი მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ მათემატიკურ ამოცანებს. ინგლისური ენის მასწავლებლის ელზა რუხაძის ფასილიტაციით, დანიელ და ქართველ მოსაწავლეებს შორის დიალოგი სხვადასხვა გლობალურ თემებზე გაიმართა. დანიელი სტუმრები გაეცნენ ქართულ ანბანს, კულტურას, საქართველოს ისტორიის ფრაგმენტებს და ცდილობდნენ ერთმანეთისთვის ესწავლებინათ სახალისო სიტყვები დანიურ და ქართულ ენაზე. N182-ს საჯარო სკოლის დირექტორმა ეკატერინე თაბუაშვილმა მიმდინარე პროექტზე ისაუბრა. პროექტზე „ერთად ვიზრუნოთ მომავალზე“, ამ სკოლის მოსწავლეები მუშაობენ. პროექტი ეხმაურება გაეროს მიერ მიღებულ დოკუმენტს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, რომელიც 2030 წლისთვის უნდა იყოს შესრულებული. ,,სამყაროზე ზრუნვა, თითოეული მოქალაქის მოვალეობაა“- აღნიშნა N182-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ეკატერინე თაბუაშვილმა. სკოლის მიერ წარმოდგენილი აქტივობები ინფორმაციული, საინტერესო და სახალისო იყო, ქართველი და დანიელი მოსწავლეებისათვის. ,,ჩვენი მთავარი მიზანია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობა. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ეს მისია სრულდება. ჩვენი მასწავლებლები მუდამ სიახლის დანერგვი პროცესში არიან, ფეხს უწყობენ ყველა ინიციატივას, რაშიც განსაკუთრებით ეხმარებათ სკოლაში არსებული თანამშრომლური გარემო ”- აღნიშნა სპმთპ-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარი ალუღიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები. დასკვნითი ნაწილი სკოლის სააქტო დარბაზში დასრულდა. 182-ე საჯარო სკოლის კოლექტივი, დანიის სტენჰუსის წარმომადგენლებს ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდნენ. სტუმრები ნაციონალური ცეკვით და ფოლკლორული სიმღერებით იმდენად მოიხიბლნენ, რომ თავადაც დიდი სიამოვნებით ასრულებდნენ ქართულ ცეკვას თანატოლებთან ერთად. შეხვედრამ ძალიან თბილ, ემოციებით დატვირთულ, მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა. დაიგეგმა, დანიელი და ქართველი მოსწავლეების სამომავლო თანამშრომლობა, სხვადასხვა პროექტული საქმიანობით. სპმთპ მადლობას უხდის, სამგორის რაიონული ორგანიზაციის ლიდერს გულიკო ამილიძეს და გოგიტა კიკნაძის სახელობის N182 საჯარო სჯოლის დირექტორს ეკატერინე თაბუაშვილს.