32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
LOGO QARTULI bigგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დაანონსებული რეფორმის თეზისების ერთ-ერთი აქტუალური საკითხი არის ,,მასწავლების საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ განსაზღვრული კარიერული წინსვლის საფეხურების გაუქმება.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაკეთებული განცხადებებით ვერ მოვისმინეთ არგუმენტები, რატომ უნდა გაუქმდეს კარიერული წინსვლის საფეხურები. მინისტრის მხრიდან მაგალითის მოყვანა, იმის თაობაზე, რომ წლის საუკეთესო მასწავლებელს, ,,ეროვნული ჯილდო-2017“-ის მფლობელს, ბატონ ვლადიმერ აფხაზავას რატომ არ უნდა ჰქონდეს მენტორის ხარისხი და ეს მოქმედი სქემის ბრალია, რბილად რომ ვთქვათ შეცდომაა.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, მიმდინარე წლის 13 თებერვალს, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა სარეკომენდაციო წერილით (N 01-01-08) მიმართა ბატონ მიხეილ ბატიაშვილს.

გთავაზობთ წერილის შინაარსს:

,, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მივიჩნევთ, რომ არ უნდა შეჩერდეს ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემა და იმ მასწავლებლებს, ვისაც განხორციელებული აქვთ აქტივობები, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა აიმაღლონ სტატუსი, ახალი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე. ამ მიზნით, აუცილებელია ღრმად გაანალიზდეს მასწავლებელთა მიერ სქემის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა და ის, რაც სამინისტროს ვალდებულებებია ჩატარდეს შეფერხების გარეშე....

ბატონო მინისტრო, ვიზიარებთ თქვენს გულისტკივილს, კონკურსის ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდო - 2017“ გამარჯვებული მასწავლებლის ვლადიმერ აფხაზავასთვის უმაღლესი სტატუსის ვერ მინიჭების თაობაზე, რის შესახებაც განაცხადეთ საჯარო გამოსვლებში და ხელისშემშლელ ფაქტორად დაასახელეთ მოქმედი სქემა. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 26 იანვარს საქართველოს მთავრობის N35 დადგენილებით, ცვლილებები შევიდა ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N68 დადგენილებაში, რომლითაც განისაზღვრა სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევა: ,,განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება მიენიჭოს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი“. სამწუხაროდ, ეს ნორმა არ ამოქმედებულა და კანონი გაძლევთ შესაძლებლობას სქემით განსაზღვრული უმაღლესი სტატუსი მიენიჭოს ,,ეროვნული ჯილდო - 2017“-ის მფლობელს, ბატონ ვლადიმერ აფხაზავას და ,,ეროვნული ჯილდო-2018“-ის გამარჯვებულს, ქალბატონ მანანა კაპეტივაძეს.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) რეკომენდაციას ვუწევთ, 2017 და 2018 წლების ,,მასწავლებლის ეროვნული ჯილდო-საქართველოს“ ორივე საუკეთესო ათეულს და მიზანშეწონილად მიგვაჩნია, მათი სტატუსის ამაღლების საკითხის განხილვა/გადაწყვეტა.

იმედი მაქვს, გამოიჩენთ გულისხმიერებას და დააფასებთ 2017, 2018 წლების, ორივე კონკურსის მონაწილე მასწავლებელთა ღვაწლსა და დამსახურებას.

დარწმუნებული ვართ, მასწავლებელთა საზოგადოება მიესალმება ასეთ მიდგომებს, რაც მასწავლებლებს აუმაღლებს მოტივაციას აქტიური მონაწილეობა მიიღონ მომავალ კონკურსებში.“

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ახორციელებს მასწავლებელთა საქმიანობის წარმატებული შედეგების შესწავლას, სტატუსის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაწევის მიზნით.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლება ყველასათვის - საქართველო