მაიაძვირფასო მასწავლებლებო,

ქ. რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი და პროფკავშირის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთი ჩანქსელიანი პირველი მერცხალია, რომელმაც საჯაროდ დაიწყო მსჯელობა და გამოთქვა ინიციატივები, განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით.

მივმართავ ქეთი ჩანქსელიანს და ყველა მასწავლებელს: ბოლო პერიოდში,სპმთპ-სა და პირადად ჩემს პოზიციასთან დაკავშირებით გამოვაქვეყნე ჩემი ორი განცხადება. ალბათ გაეცანით და თქვენთვის ცნობილია ჩემი პოზიცია. როგორც ჩემს განცხადებებში აღვნიშნე, სამწუხაროდ, განათლების მინისტრის მიერ გაკეთებული ფრაგმენტული განცხადებები რეფორმასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, არ გვაძლევს საშუალებას ღრმად და შინაარსობრივად განვიხილოთ თითოეული აქტუალური საკითხი.

გამოვთქვამ იმედს, ჩვენ ყველას გვექნება საშუალება აქტიური მონაწილეობა მივიღოთ განხილვებში და დავაფიქსიროთ პოზიციები, რეფორმის ნაკლოვანებასთან დაკავშირებით და პედაგოგთა საჭიროებებზე.

ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, სპმთპ იქნება შეუვალი და პრინციპული რეფორმის იმ მიმართულებებისადმი, რაც შელახავს მასწავლებლის შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ, სამართლებრივ და პროფესიულ უფლებებს.

სამწუხაროდ, უფლებების დარღვევა სახეზეა: არაოფიციალურად შეჩერებულია მოქმედი ნორმატიული აქტი-,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის” სქემა. ზარალდებიან პედაგოგები, განსაკუთრებით ის უფროსი მასწავლებლები, რომელთაც დააგროვეს კრედიტქულები და დარჩათ ერთი სავალდებულო აქტივობა-გარე დაკვირვება, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. განათლების სამინისტროს არ გამოუცხადებია გარე დაკვირვების რეგისტრაცია და ათეულობით მასწავლებელს ექმნება ბარიერები ამ აქტივობის განხორციელებისათვის. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით, უკვე მივმართეთ განათლების მინისტრს და ველოდებით პასუხს.

გეთანხმებით, რომ დაუსრულებელმა რეფორმებმა, რომელიც დაკავშირებული იყო მინისტრების ცვლილებებთან, სასურველი შედეგი არ მოგვცა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში შეიქმნა არამდგრადი, არასტაბილური გარემო. პროფესიული განვითარებისა და განათლების ხარისხის ამაღლების ნაცვლად, მასწავლებლებმა დაკარგეს მომავლის იმედი, მოტივაცია და სტიმული.

ჩვენს მიზანს წარმოადგენს შეიქმნას ისეთი მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება სწავლა-სწავლების ხარისხის რადიკალურად გაუმჯობესებაზე და ობიექტურად შეფასდეს თითოეული პედაგოგის პროფესიონალიზმი, პედაგოგის პროფესიის ყველა ასპექტის გათვალისწინებით.

ერთი სიტყვით, მოგვიწევს ბევრი ბრძოლა და შრომა, იმისათვის, რომ ხელისუფლებამ განახორციელოს ისეთი რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს, პირველ რიგში, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას და თითოეული პედაგოგის საქმიანობისა, თუ შედეგების ობიექტურ შეფასებას.

ველით მასწავლებელთა გამოხმაურებას.

პატივისცემით, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე

25 იანვარი, 2019 წელი.