32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

ძლიერი პროფკავშირი განათლების სისტემის მდგრადი განვითარებისათვის

დაცული უფლებები და ღირსეული შრომითი პირობები-ხარისხიანი განათლების საწინდარია

ძლიერ პროფკავშირს ქმნიან პიროვნულად თავისუფალი დასაქმებულები

ერთად ავამაღლოთ პროფკავშირის როლი დემოკრატიული  სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში

   სპმთპ-ის წყნეთის სასწავლო ბაზაზე, მორიგი ოთხდღიანი ტრენინგი, დანიის უმაღლესი საფეხურის პროფკავშირის (GL) წევრებმა, კოპენჰაგენის ,,ღია გიმნაზიის” ექსპერტ-მასწავლებლებმა ბირტე ჰენრიქსენმა და მოგენ-სკოტ ჰანსენმა ჩაატარეს. ტრენინგის თემა იყო ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების გარემო თანამედროვე პედაგოგიური მეთოდებით”.

დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნულ პროფკავშირთან (GL) თანამშრომლობით მიმდინარე, 18-თვიანი თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტის -,,საქართველოში განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობებისა და სკოლის დემოკრატიული მართვის უნარების განვითარება” მიზანია დანიის სკოლების მასწავლებელთა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.

მე-4 ტრენინგზე, დანიელმა სტუმრებმა წარადგინეს მოსწავლეზე ორიენტირებული და აპრობირებული სწავლა-სწავლების თანამედრვე მეთოდები. დანიის სკოლებში დანერგილი მეთოდების გაცნობისას დანიელმა ტრენერებმა ტრენინგის მონაწილეებთან ერთად იმსჯელეს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკას შორის აუცილებელ კავშირებზე, მათ შორის დანიის სკოლებში მიმდინარე მეთოდის- ,,ვმოძრაობ და ვსწავლობ’’ მახასიათებლებზე. დანიელი განათლების ექსპერტების თეორიებზე დაყრდნობით, მუშაობა წარიმართა სწავლების მრავალკომპონენტიან მეთოდებზე: მასწავლებელი სკულპტორი, მასწავლებელი-ქოუჩი, მასწავლებელი-კონსულტანტი, მასწავლებელი-მონაწილე.

სატრენინგო პროგრამა მოიცავდა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პედაგოგიურ მიდგომებს, გონებრივი იერიშის, წყვილში და მოსწავლეთა ჯგუფური სამუშაოების ფორმებს, მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარების შეფასების (მათ შორის IT ტექნოლოგიების გამოყენებით) მექანიზმებს, ინდივიდუალურ და ერთობლივ პროექტებზე მუშაობის ძირითად ასპექტებს. ტრენინგის პროცესში, საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგებს წარედგინათ პრეზენტაციები, დანიის საგანმანათლებლო სისტემის, სკოლებში სწავლა-სწავლებისთვის შექმნილი გარემო-პირობების, მასწავლებელთა ავტონომიური და თავისუფალი მუშაობის გარემობების და მასწავლებელთა შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობის თაობაზე.

6-9 სექტემბერს დანიელი კოლეგების მიერ გამართულ სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს 10 რაიონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ თბილისის 12 საჯარო სკოლის, სულ 45-მა მასწავლებელმა. ტრენინგის მუშაობაში ჩაერთვნენ სიღნაღისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები.

ტრენინგის ბოლო დღეს, დანიელმა ტრენერებმა ტრენინგის მონაწილეებს შეაფასებინეს ტრენინგის პროგრამა, შემუშავდა მომავალი თანამშრომლობის, საქართველოს საჯარო სკოლებში შეძენილი ცოდნის განვითარებისა და კოლეგებთან გავრცელების გეგმა.

ტრენინგის მონაწილეებს მიმართა სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ. მან პროექტში ჩართულ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისა და მზაობისთვის. მაია კობახიძემ ისაუბრა დანიური გამოცდილების გაზიარებისა და საგაკვეთილო პროცესში დანერგვის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს მასწავლებელთა აკადემიურ თავისუფლებას. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო სპმთპ-ისა და დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა პროფკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების თემატიკა და შემდგომი პარტნიორობის გაძლიერებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები. მაია კობახიძემ აქცენტები გააკეთა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სპმთპ-ის ინიციატივით მიღებულ ცვლილებებზე, რამაც გააუმჯობესა პედაგოგთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი პირობები.

დატვირთული და შინაარსიანი 4-დღიანი მუშაობის დასასრულს, სპმთპ-ის პრეზიდენტმა ტრენინგის მონაწილეებს გადასცა GL-ისა და სპმთპ-ის მიერ შემუშავებული, პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. (6-9 სექტემბერი, 2018 წელი).