საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციები, ტრადიციულად, ქვეყნის მასშტაბით აღნიშნავნენ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს.

დედაქალაქში, 5 ოქტომბერი, პოფკავშირის კულტურის სახლში აღინიშნა, რომელსაც 1000-მდე მასწავლებელი დაესწრო.

მასწავლებლებისადმი მიძღვნილი საღამოს ორგანიზატორები იყვნენ: სპმთპ-ის სამგორის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი გულიკო ამილიძე, თეატრი ,,აღმაფრენას“ სამხატვრო ხელმძღვანელი მანანა თოდაძე, დირექტორი როინ ჩიტუაშვილი და რეჟისორი კიაზო ჯობავა.

მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ გახსნა. მან მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს მომავალი თაობის აღზრდის საქმეში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის: ,,მასწავლებლის საერთაშორისო დღის ძირითად მიზანს წარმოადგენს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაცია, მადლიერების გამოხატვა ამ ერთ–ერთი ყველაზე საპატიო პროფესიის დასაქმებულთა მიმართ. ძვირფასო პედაგოგებო, დადგა დრო, ჩვენს ქვეყანაში, მასწავლებლის საერთაშორისო დღე გადაიქცეს საყოველთაო ზეიმად და ყველამ გაათვითცნობიეროს, რომ მომავალი თაობის აღზრდის საქმეში, მასწავლებელი არის უმთავრესი ღერძი...“.

პედაგოგებს, პროფესიული დღესასწაული, პოპულარული და ყველასთვის საყვარელი სიმღერებით მიულოცა თეატრ ,,აღმაფრენას“ ხელმძღვანელმა და მომღერალმა მანანა თოდაძემ. სიმბოლური და ყველასათვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო მანანა თოდაძის მიერ შესრულებული სიმღერა, რომელიც შექმნილია საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის ლიდერის, პოეტ რომან ზუკაკიშვილის ლექსზე. მწერალთა კავშირის წევრმა, გიორგი ლეონიძის პრემიის ლაურეატმა, ღირსების ორდენის კავალერმა რომან ზუკაკიშვილმა დარბაზიდან მიულოცა თავის კოლეგებს განსაკუთრებით ძვირფასი დღესასწაული და მასწავლებელს მომავალი თაობის მოძღვარი უწოდა. რომან ზუკაკიშვილმა სპონტანურად დაწერილი აკროსტიხი გადასცა მანანა თოდაძეს.

სადღესასწაულო საღამოს, მომღერლის შემდეგ, სცენა ახალგაზრდა თეატრალურ დასს დაეთმო და სხვადასხვა თაობის, ნიჭიერი მსახიობებით დაკომპლექტებულმა დასმა ტიტე ბუაჩიძის პიესა „ეზოში ავი ძაღლია“ წარმოადგინა.