საქართველოს  პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირი

 ,,ჩვენი ყოველი შეხვედრის დროს, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ამაღლებული განწყობა და განცდა, რომ სპმთპ-ის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაცია ჩვენი ოჯახია“ - ამ პათოსით გახსნა საანგარიშო კონფერენცია დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მაყვალა მაძღარაშვილმა.

სპმთპ–ის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის N:6 საანგარიშო კონფერენცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩატარდა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებების სპმთპ–ს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების კრებებზე არჩეულმა 56 დელეგატმა, სპმთპ–ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, ვიცე–პრეზიდენტებმა ნათია კორძაძემ და მარი ალუღიშვილმა.

კონფერენციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ეთერ ზურიკაშვილი, მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ თამაზაშვილი და მერიის უფროსი სპეციალისტი ნანული ნატროშვილი.

სპმთპ–ს დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მაყვალა მაძღარაშვილმა მადლიერება გამოხატა, საანგარიშო პერიოდში, სპმთპ–ის ხელმძღვანელებისა და ცენტრალური ოფისის ძალისხმევით ამაღლდა დასაქმებულთა ნდობის ხარისხი პროფკავშირისადმი და 2015 წლის ორგანიზაციას 300-ზე მეტი წევრი შემოუერთდა. შესაბამისად, დასაქმებულთა 84 % პოფკავშირის წევრია. სპმთპ–ის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაცია აერთიანებს 14 საჯარო სკოლას, ერთ კერძო სკოლასა და 17 საბავშვო ბაგა-ბაღს.

დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მაყვალა მაძღარაშვილმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს, აქტიური თანამშრომლობისა და პედაგოგთა მხარდაჭერისათვის. მან, ორგანიზაციის კრიზისის წლებში, პედაგოგთა უფლებების შელახვა და სტრესულ გარემოში მუშაობის პერიოდი გაიხსენა. მაყვალა მაძღარაშვილმა პოზიტიური და შედეგიანი უწოდა უკანასკნელ წლებში, ხელისუფლებასა და პედაგოგთა პროფკავშირს შორის ჩამოყალიბებულ თანამშრომლობას, რომლის მიზანია მოსწავლეთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების გარემოს შექმნა და მასწავლებლების მხარდამჭერი პროგრამების ხელშეწყობა.

საანგარიშო პერიოდისთვის, დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის წევრთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისათვის ჩატარებულია ტრენინგები საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის საგნობრივი ჯგუფების მიხედვით და პროფესიულ უნარებში; განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასების, გაკვეთილის დაგეგმვის მოდულებში; საკონსულტაციო სემინარები თვითშეფასების კითხვარის შევსების, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენისა და პედაგოგის პორტფოლიოს წარმოების შესახებ. საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებისა და ბაგა-ბაღების დირექტორებისთვის ჩატარებულია ტრენინგ-სემინარები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ადმინისტრირებისა და მართვის თემებზე, აღმზრდელ-პედაგოგებისთვის – თანამედროვე მეთოდები და სტანდარტები, ფსიქოლოგია და ინკლუზია, სასკოლო მზაობის პროგრამა.

2016-2018 წლებში, სპმთპ-ის დედოფლისწყაროს რაიონულ ორგანიზაციას წევრთა პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის ორგანიზებული აქვს 36 ტრენინგი საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის, სწავლების ხარისხის ამაღლების და სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების მიზნით ტრენინგ-სემინარებში მონაწილეობა მიიღო 425 წევრმა. სპმთპ-ის იურიდიულმა დეპარტამენტმა წევრებს გაუწია უფასო იურიდიული კონსულტაციები და მომსახურეობა სასამართლო დავების დროს. შრომითი ხელშეკრულების დადების, თუ ხელშეკრულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, წევრის ყოველ მომართვაზე იყო მყისიერი და სათანადო დახმარება. 2016 წელს სასამართლოს გზით მოხერხდა ს. არხილოსკალოს გათავისუფლებული მასწავლებლის სკოლაში დაბრუნება.

დედოფლისწყაროს რაიონის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს სპმთპ-ისა და დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა პროფკავშირის ერთობლივი საპილოტე პროექტის 4-დღიან ტრენინგებში. პროფაქტივისთვის ჩატარდა სემინარი პროფკავშირის არსის, მიზნებისა და სტრუქტურის შესახებ.

სპმთპ-ის დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრებო და სახელისუფლებო ორგანოებთან, აგრეთვე ადგილობრივ მასმედიასთან.

დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის წევრები ჩართულები არიან პროფკავშირის ორგანიზებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში, სარგებლობენ დასვენების პროგრამებით და სპეციალური შეთავაზებებით.

მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა, დედის, ქალთა საერთაშორისო და ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებები, მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღსანიშანავად ჩატარებული შეხვედრები ღვაწლმოსილ პედაგოგებთან.

სპმთპ-ის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის წევრები სისტემატიურად სარგებლობდნენ საზაფხულო და ზამთრის კურორტებზე დასვენების საგზურებით, შეღავათიან ფასებში.

სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის შემაჯამებელი 4-წლიანი ანგარიშის შემდეგ გაიმართა დისკუსია და კონფერენციის დელეგატებმა ისაუბრეს თავიანთი საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის საჭიროებებზე.

კონფერენციის დელეგატებს მიესალმა დედოფლისწყაროს რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ეთერ ზურიკაშვილი: ,,მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი მაია სიკეთეს, სითბოსა და სიყვარულს ასხივებს. ეს კი ყველასთვის გადამდებია. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ გაწეული საქმისთვის, რასაც პედაგოგებისათვის აკეთებთ. სპმთპ პედაგოგების უბადლო დამცველია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ მაყვალას, იმისათვის რომ გვერდით უდგას ყველა პედაგოგს. ჩვენ კარგად ვთანამშრომლობ, ვინაიდან ჩვენი საქმე არის პედაგოგებთან მუშაობა და ჩვენი ყველას საზრუნავი - მომავალი თაობის აღზრდა, რომელსაც ვემსახურებით. ეს არის სოლიდარობა. სწორედ, სოლიდარობითა და ერთობით ვივლით წინ.

კონფერენციის დელეგატებს მიმართა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მალხაზ მერაბიშვილმა: ,,მადლობა თქვენ ყველას, მადლობა პროფკავშირებს, რომ არსებობთ და იბრძვით. დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ გაუმჯობესდა პედაგოგთა მდგომარეობა, როგორც სოციალური, ასევე სულიერი. მასწავლებელს აღარ ემუქრებიან სამსახურიდან გაშვებით.

მადლობა უნდა გადაგიხადოთ ქალბატონო მაია კონსტრუქციული ოპონირებისათვის. დიალოგი მისაღებია და მისასალმებელია ნებისმიერი გონიერი ხელისუფლებისათვის, არაგონიერნი როგორ ასრულებდნენ ამას, სამწუხაროდ გვაქვს გამოცდილება უახლოეს წარსულში.

მე ვთვლი, რომ პედაგოგს უნდა ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურებაც და საზოგადოებაში ღირსეული სტატუსიც...“

სპმთპ-ის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის კონფერენციაზე არჩეულ იქნა სპმთპ-ის IX საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის ოთხი დელეგატი.

დასასრულს, ათ ღვაწლმოსილ პროფკავშირის წევრს და სოციალურ პარტნიორებს გადაეცათ მადლობის სიგელები.
edu
ორშ სამშ ოთხშ ხუთშ პარ შაბ კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30